2016 წლიდან ჯარისკაცის ფორმა საქართველოში შეიკერება

2016 წლიდან ჯარისკაცის ფორმა მთლიანად საქართველოში შეიკერება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა პარლამენტში განაცხადა , სადაც მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. როგორც ხიდაშელმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი პროექტის განხორციელების შემდეგ "საქართველოში დარჩება ათეულობით მილიონი ლარი, რომელიც ჯარის ეკიპირებას ხმარდებოდა".

"ქართული ჯარისთვის ფორმები, მისი ყველა ნაწილი, მისი ყველა კომპონენტი ყველანაირი მოხმარებისთვის და გამოყენებისთვის მთლიანად გვინდა, რომ იკერებოდეს საქართველოში. ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა საპარტნიორო ფონდის წინა ხელმძღვანელობასთან. დავით საგანელიძეს ჯერ არ შევხვედრილვარ და იმედია მოკლე ხანში ამას მოვახერხებთ. საპარტნიორო ფონდის სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ პროექტში და იმედი მაქვს, ეს მიმართულებაც სწრაფად ამოქმედდება. ეს კიდევ დამატებით ათეულობით მილიონი ლარია, რომელიც დარჩება საქართველოში და მოხმარდება ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას", - აღნიშნა ხიდაშელმა.