საქართველოს პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით ჩატარებული კვლევის შედეგები შეაჯამა.

საქართველომ ზოგიერთი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო ათწლეულში და ამას კარგად აჩვენებს საქართველოს წამყვანი რეიტინგი სხვადასხვა კვლევაში.

Ease of Doing Business 2016-ში საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ წინა ანგარიშში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, ქვეყანა მე-15 ადგილზე იყო, მაგრამ რეიტინგის გაუარესება შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებით აიხსნება. განახლებული მეთოდოლოგიით ხელახლა შეფასდა 2014 წლის მონაცემებიც და საქართველომ მე-15-დან 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით, წელს საქართველოს რეიტინგი არ შეცვლილა.

2015 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველო 22-ე ადგილს იკავებს (178 ქვეყანას შორის) 73.0 ქულით და „უმეტესად თავისუფალი ქვეყნების“ ჯგუფშია. ევროპის რეგიონში არსებული 43 ქვეყნიდან კი საქართველო მე-11 ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო ქულა გაზრდილია 0.4-ით კორუფციისაგან თავისუფლების, ბიზნესის თავისუფლებისა და სახელმწიფო დანახარჯების სფეროებში გაუმჯობესების შედეგად. ამასთან, გაუარესებულია შრომის თავისუფლებისა და ფისკალური თავისუფლების დონე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის 2015-2016 წლების ინდექსში“ საქართველო 66-ე ადგილს იკავებს (140 ქვეყანას შორის) 4.22 ქულით. წინა წელთან შედარებით ქვეყნის რეიტინგი გაუმჯობესებულია 3 პუნქტით.

„ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ წინა წლის ანგარიშში გამოკვლეული რამდენიმე ქვეყანა მიმდინარე წლის ანგარიშში აღარ მონაწილეობს. მათ შორის არის პუერტო რიკო და ბარბადოსი, რომლებიც რეიტინგით საქართველოს უსწრებდნენ. ამ ქვეყნების სარეიტინგო სიიდან ამოვარდნამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტულობის ინდექსის მიხედვით 2015 წლის რეპორტში საქართველო 141 ქვეყანას შორის 71-ე პოზიციაზეა 3.68 ქულით.

„ქსელური მზაობის ინდექსში“ საქართველო 2012-2015 წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მქონე ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. 2015 წლის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ინტერნეტხელმისაწვდომობის კუთხით ზრდადი ტენდენციები შენარჩუნებულია. თუმცა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.

2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 50-ე ადგილზეა 52 ქულით (2013 წლის კვლევაში საქართველო 55-ე ადგილს იკავებდა 49 ქულით) და ეს რეიტინგი დამყარებულია 65 წყაროს მონაცემზე. ამ შედეგით საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

The Fund for Peace-ის 2015 წლის რეიტინგში საქართველო 178 ქვეყანას შორის 70-ე ადგილს იკავებს 79.3 ქულით. რეიტინგში პირველ ადგილზეა სამხრეთ სუდანი. 178-ე კი ფინეთია და ის ერთადერთია ყველაზე მდგრადი ქვეყნების კატეგორიაში. ჰუმანური განვითარების 2015 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს 188 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. 0,74 ჰუმანური განვითარების ინდექსით ჩვენი ქვეყანა მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნებს შორის ხვდება. სოციალური პროგრესის ინდექსის მიხედვით, 2015 წლის რეიტინგში საქართველო მე-60 ადგილს იკავებს 133 ქვეყნიდან.

PISA 2009-ის შედეგებით: 74 ქვეყნიდან საქართველო მეცნიერების მიმართულებით 67-ე , მათემატიკის 65-ე, ხოლო კითხვის მიმართულებით 70-ე ადგილზეა. თითოეულ კატეგორიაში იმ მოსწავლეთა წილი, რომელთა შედეგებიც დამაკმაყოფილებელი ან უფრო მაღალია 38%-ს არ აღემატება. საქართველომ მონაწილეობა 2015 წლის კვლევაშიც მიიღო, თუმცა შედეგები 2016 წლის დეკემბერში გახდება ცნობილი.