ოთარ დანელია - მიმდინარე წელი იყო საკმაოდ რთული, თუმცა წარმატებულიც

მიმდინარე წელი იყო საკმაოდ რთული, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, წარმატებულიც , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ დანელიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რთული წელი იყო იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის წინაშე დადგა.

"მიმდინარე წელი იყო საკმაოდ რთული გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად რეგიონში ხდებოდა. კლება იყო ყველა ეკონომიკური პარამეტრის კუთხით, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის ნაწილში, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფერისა, ვიტყოდი, რომ იყო წარმატებული წელი, რასაც ციფრებიც მეტყველებს", - განაცხადა დანელიამ. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა პრიორიტეტულ საექსპორტო მიმართულებებზე და ასეთებად თხილი, ღვინო, მინერალური წყლები და სპირტიანი სასმელები დაასახელა. მისივე ინფორმაციით, 2014-2015 წლებში, ექსპორტის კუთხით ლიდერია თხილი და ღვინო.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტს, დანელიას განცხადებით, 2012 წელთან შედარებით სხვაობა საკმაოდ დიდია. "90%-ზე მეტით არის გაზრდილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ამ კუთხით დიდი გავლენა მოახდინა ღრმა და ყოვლისმომცველმა სავაჭრო შეთანხმებამ, რომლის ფარგლებში 169 მილიონს ავცდით ევროკავშირთან ექსპორტის ნაწილში", -განაცხადა დანელიამ. მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ეს გულისხმობს ახალი ბაზრების, მათ შორის არატრადიციული ბაზრების მოძებნას. "სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგისთვის", - განაცხადა დანელიამ.