"ენერგო-პრო ჯორჯია" - არც ერთი ჩვენი არგუმენტირებული მოთხოვნა სემეკი-ს მიერ გაზიარებული არ არის

არც ერთი ჩვენი არგუმენტირებული მოთხოვნა არ იქნა სემეკი-ს მიერ გაზიარებული, - ამის შესახებ კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც სემეკ-მა "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" 2016 წლის ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფი დაადგინა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 2016 წლის სამომხმარებლო ტარიფი დარჩა უცვლელი, კომერციული სექტორისთვის კი მცირედით შემცირდა. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, კომისიამ არ გაითვალისწინა კომპანიის არც ერთი თხოვნა და მოთხოვნა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ არგუმენტირებულად ვასაბუთებთ, რომ გვჭირდება უფრო მეტი მორიგე პერსონალი, ოპერატიული ბრიგადები, ეს არ არის კომპანიის კაპრიზი, ამას ისევ აბონენტებისთვის ვითხოვთ, რომ უფრო ხარისხიანად მოვემსახუროთ. ამ შემთხვევაში სემეკი კვლავ მიდის შემცირებაზე, რაც ვფიქრობთ, რომ აბონენტებს უბრალოდ დააზიანებს. სინამდვილეში ჩვენი არგუმენტების გაზიარება ჯობდა", - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ. მისივე თქმით, საჭირო იყო გარკვეული თანხების ქსელში მიმართვა, რომელიც არ არის მარტივ მდგომარეობაში, ასევე გარკვეული თანხები საჭირო იყო საშტატო ერთეულების დასამატებლად, რაც საბოლოო ჯამში, კომპანიას საშუალებას მისცემდა, რომ აბონენტებისთვის უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შეეთავაზებინა.

რაც შეეხება "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლების მოთხოვნას ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მიხეილ ბოცვაძის თქმით, ის ფიქრობს, რომ ამ კუთხითაც საჭიროა დახმარება. მისივე თქმით, ასევე საჭიროა საშტატო ერთეულების დამატებაც. კითხვაზე, რა პრობლემები შეიძლება მოუტანოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კომპანიას და ხომ არ უნდა ველოდოთ გრაფიკს, მიხეილ ბოცვაძემ აღნიშნა, რომ ის ყურადღებას ამახვილებს მომსახურების ხარისხზე, სხვა დიდი გლობალური პირობები კი, მისი თქმით, არის გადალახული.

"ეს დამსახურებაა ზაფხულში მომხდარი ტარიფების ზრდის და თბილი ზამთრის. ისეთი ტემპერატურაა ზამთარში, რომ არ გვიწევს ძვირიანი ელექტროენერგიის შესყიდვა. მოხმარება შემცირებულია და ამით შეიძლება გარანტირებულად ვთქვათ, რომ ზამთარი კარგადაა გადავლილი. თუმცა, ჩვენ ახლა ფოკუსირებას ვახდენთ ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუმცა ის, რომ ტარიფი მაინც შემცირდეს და აბონენტი კმაყოფილი იყოს, სინამდვილეში გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ დააზიანებს აბონენტს", - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, თუ ეროვნული ვალუტის კურსი იქნება დღევანდელ ნიშნულზე და არ მოხდება დიდი რყევა, კომპანია არ გეგმავს რომ სემეკ-ს სატარიფო განაცხადით კვლავ მიმართოს.