გოჩა შონიამ სემეკის მიერ "ენერგო პრო ჯორჯიასთვის" დადგენილ 2016 წლის ტარიფთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

სემეკის წევრმა გოჩა შონიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ "ენერგო პრო ჯორჯიასთვის" დადგენილ 2016 წლის ტარიფთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც შონიამ აღნიშნა, სემეკმა განიხილა "ენერგო პრო ჯორჯიას" ელექტროენერგიის დანაწილების, გატარებისა და მოხმარების 2016 წლის ტარიფი და კომისიის გადაწყვეტილებით, ის სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში უცვლელი დარჩა, ხოლო კომერციული სექტორისთვის, ძალიან მცირედით შემცირდა. "ენერგო პრო ჯორჯიას" ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები, კონკრეტულად სახელფასო ფონდთან და ასევე სხვა კომპონენტებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეპარტამენტმა წარმოადგინა არგუმენტირებული და დეტალური ინფორმაცია და კომისია დაეთანხმა ამ მოსაზრებას", - განაცხადა შონიამ.

რაც შეეხება "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი რეგიონიდან ვერ ხდება თანხების ამოღება, გოჩა შონიას თქმით, შეუძლებელია, რომ ერთი რეგიონის მიერ გადაუხდელი თანხები გადაიხადოს მთელმა საქართველომ. "კომისია საქმის კურსში იყო ამის შესახებ, თუმცა ამ ხარჯებს ის ტარიფში ვერ გაითვალისწინებდა. კომისია არ ამბობს უარს ხარჯების ასახვაზე. საუბარია იმაზე, რომ კომპანიამ ჯერ უნდა გასწიოს ხარჯი, რეალურად უნდა გვაჩვენოს კომისიას, რომ მას გაწეული აქვს ეს ხარჯები, მათ შორის ხელფასებთან ზეგანაკვეთურ შრომასთან მიმართებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს კომისია, ეს ხარჯი ასახოს თუ არა. რეალურად კომპანია ითხოვს, რომ მას წინასწარ მიეცეს ამ ხარჯების გაუწევლად საპროგნოზოდ აესახოს და მხოლოდ ამის შემდეგ გასწევს ამ ხარჯებს, რაც ეწინააღმდეგება როგორც მეთოდოლოგიას, ასევე მოქმედ კანონმდებლობას", - განაცხადა გოჩა შონიამ.