გიორგი კვირიკაშვილი - სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ტურიზმის სფეროში ჩართვა იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურიზმის სფეროში სოფლად და რაიონში მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა იგეგმება. როგორც პარლამენტში, "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრისას კვირიკაშვილმა განაცხადა, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად და რაიონებში მცხოვრებლები მიიღებენ გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს. "ვგეგმავთ მოსახლეობის, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ტურიზმის განვითარებაში და ამ მიმართულებით შემოვიღებთ კრიტერიუმებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სოფლად, რაიონებში მცხოვრებლები მიიღებენ გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს. კერძოდ, საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა, კომლმა იმისთვის, რომ მან მიიღოს ტურისტული ნაკადიდან კონკრეტული რაოდენობა წლის განმავლობაში. ამ მიმართულებით ჩვენ ჩავრთავთ დაფინანსების მექანიზმებს, რათა ეს შედეგი მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორი უნდა გადაიქცეს ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებად ქვეყანაში.

"ჩვენ, მსოფლიო ბანკთან წინასწარი ანალიზი გავაკეთეთ ტურიზმის სექტორის და დაიწერა სტრატეგია, რომლის შემდგომი კონკრეტიზაცია განხორციელდება მთელი რიგი ქვემიმართულებებით. ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩავატაროთ ძალიან დეტალიზირებული კვლევა იმ საჭიროებების, რა საჭიროებებიც არაორგანიზებულად შემოსულ ტურისტს ხვდება ქვეყანაში შემოსვლისას და ამ საჭიროებებზე დაყრდნობით გავაკეთოთ კიდევ უფრო დეტალიზირებული სამოქმედო გეგმა ტურიზმის განვითარების კუთხით. ძალიან კარგი მიმართულებები გვაქვს ამ მიმართულებით. ერთ-ერთი არის ხორვატია, რომელიც წამყვანი ტურისტული ქვეყანა გახდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ხორვატიას ფრანგული კომპანიები დაეხმარნენ ამ მიმართულებით და ფრანგული კომპანიების მეშვეობით ხორვატიამ შეიმუშავა არამხოლოდ სტრატეგია, სამოქმედო გეგმაც და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ წამყვანი ფრანგული კომპანიები. სწორედ ამ გზით, ჩვენ გავაკეთებთ დეტალიზირებულ კვლევას მსოფლიო ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის და ეს არ დაიკავებს გრძელ ვადას. ძალიან აგრესიულად, ძალიან მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ, რათა უმოკლეს პერიოდში მივიღოთ ძალიან კარგი, ხელშესახები შედეგი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.