საპარლამენტო კომიტეტებმა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს

საპარლამენტო კომიტეტებმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გუშინ საპარლამენტო კომიტეტებში პარალელურ რეჟიმში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც დღის ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის შემადგენლობის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით ყველა კომიტეტის დასკვნა დადებითია.

"ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნები მთავრობის შემადგენლობის შესახებ. კომიტეტები ყველა იწონებს და მხარს უჭერს მთავრობის ამ შემადგენლობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რაც შეეხება უმცირესობას, ასევე "თავისუფალ დემოკრატებს", რომლებიც მინისტრობის კანდიდატებს გუშინ ასევე შეხვდნენ, უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. პარლამენტი პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს იმსჯელებს.