საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრობის კანდიდატებს უნდობლობას უცხადებს

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. როგორც "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება განხორციელდა, რაც, შესაბამისად, შინაარსობრივად არაფერს ცვლის.

"მთავრობის შემადგენლობაში სიახლე არაფერი არ არის და მხარს ზუსტად იმ მიზეზების გამო არ დავუჭერთ, რა მიზეზების გამოც მთავრობას ნდობა რამდენიმე თვის წინაც არ გამოვუცხადეთ", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მინისტრთა კაბინეტში კონცეპტუალურ ცვლილებებს ვერ ხედავს ვერც "ნაციონალური მოძრაობა". საპარლამენტო უმცირესობაშიც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზად, უპირველესად, სწორედ აღნიშნულ გარემოებას ასახელებენ.

"აბსოლუტურად არ არის ცვლილება მთავრობაში არც კონცეპტუალური და არც შემადგენლობის კუთხით. თანაც, ეს ხალხი ასოცირებულია ეკონომიკურ დაღმასვლასთან, რაც მთავრობის უპირველესი პასუხისმგებლობაა. ამავე დროს, ეს ადამიანები რჩებიან ქვეყნის რეალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებლად, რაც საქართველოს საერთოდ აგდებს კონსტიტუციური სისტემის მახასიათებლებიდან, კანონიერების ველიდან. ქვეყანა იმართება არაფორმალური ლიდერის მიერ", - განუცხადა სააგენტოს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა. პარლამენტი პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს იმსჯელებს.