გაბაშვილი კვირიკაშვილს - თქვენი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ეკონომიკა შემცირდა, ლარი გაუფასურდა, სიღარიბე გაიზარდა

იზიარებთ, თუ არა ივანიშვილის განცხადებას, რომ მოსახლეობამ ბანკირები დაიქირაოს თუ განსხვავებული მიდგომა გაქვთ?! - ამ შეკითხვით უმცირესობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა გუშინ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა. გიორგი გაბაშვილის განცხადებით, დეპუტატები არა პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს, არამედ ქვეყნის რეალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს უნდა უსმენდენ.

"ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია, სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მოხსნაზე და იმდენად სწრაფად, რომ მიზეზების მოფიქრებაც არ აცადა. სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება თქვენს დანიშვნაზე და ესეც იმდენად სწრაფად, რომ დაფიქრებაც არ გაცადათ. თქვენ იყავით ეკონომიკის მინისტრი და სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა შემცირდა, ლარი გაუფასურდა, სიღარიბე გაიზარდა და აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ - იზიარებთ, თუ არა ივანიშვილის განცხადებას რომ მოსახლეობამ ბანკირები დაიქირაოს თუ განსხვავებული მიდგომა გაქვთ?! აპირებთ თუ არა ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას?!", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.