ირმა ნადირაშვილი – ეს არის "ქართუ ბანკის" მთავრობა

მინისტრთა ამ კაბინეტს ნამდვილად ვერ დავარქმევთ საქართველოს მთავრობას, ეს არის "ქართუ ბანკის" მთავრობა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა. ნადირაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს შეკითხვითაც მიმართა და პრემიერობის კანდიდატისგან დაინტერესდა, მოსწონს თუ არა ის კრიტერიუმები, რითაც მთავრობის წევრები ინიშნებიან.

"მე მოვისმინე თქვენი განცხადება, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად მთავრობაში ცვლილებებისთვის და მას სჭირდება დრო. გასაგებია, რომ პირადად თქვენ არ მოგიწევთ ამ ცვლილებების განხორციელება და მოგიწევთ ამ ცვლილებების შეთანხმება ქვეყნის ფაქტობრივ მმართველ ბიძინა ივანიშვილთან. მაინტერესებს, მოგწონთ თუ არა რა კრიტერიუმებითაც ინიშნებიან მთავრობის წევრები, რადგან ამ კაბინეტს ნამდვილად ვერ დავარქმევთ საქართველოს მთავრობას და მას თამამად შეიძლება დავარქვათ "ქართუ ბანკის" მთავრობა. პირადად თქვენც "ბანკი ქართუს" მმართველი იყავით და მერე გახდით ჯერ მინისტრი, ახლა კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდადი ხართ. გვერდით გიზით ბატონი ქუმსიშვილი, რომელიც თქვენი მოადგილე იყო და ასევე მუშაობდა "ქართუ ბანკში". აჭარაში ჩვენ ვიცით ხაბაძე, რომელსაც უმაღლესი თანამდებობა უჭირავს და ის "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალის მმართველი იყო", - განაცხადა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობაში ყველას დაწინაურება, მინისტრად წარდგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა დამსახურება აქვთ ბიძინა ივანიშვილის წინაშე.

"მისი დაცვის ორი უფროსი ძალოვან სტრუქტურებს ხელმძღვანელობს. ჯანდაცვის მინისტრი მისი პირადი ექიმი იყო. ბიძინა ივანიშვილი ასე არჩევს კადრებს და ეს ქვეყანასაც ეტყობა. "ქართუ ბანკის" მოგება გაიზარდა 1700-ჯერ და ქვეყანა გაღარიბდა შესაძლოა, ამაზე უფრო მეტადაც. მთელი მთავრობა მუშაობს "ქართუ ბანკზე", მის წარმატებაზე და არა ქვეყნის წარმატებაზე. როდესაც კანდიდატურებს შემოგთავაზებთ ბიძინა ივანიშვილი, ამოიღებთ თუ არა ხმას და თუ ეტყვით რომელი ადამიანების შერჩევაა აუცილებელი? არ ვამბობ, რომ ვინმე უღირსია, მაგრამ შესაძლებელია სხვა ადამიანების მონახვაც", - მიმართა ნადირაშვილმა კვირიკაშვილს.