როგორია ეკონომისტების თვალით დანახული 2015 წელი

ქართული ეკონომიკისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ რთული გამოდგა. 2015 წელმა ბევრი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენით დაგვამახსოვრა თავი, რომელთა შეფასებაც ქართველ ეკონომისტებს ვთხოვეთ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ 2015 წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ამ პროცესის გარკვეულ კალაპოტში ჩასმა იყო:

ავთო სილაგაძე: "პირველ რიგში გამოვყოფდი ქართული ლარის დევალვაციას, რომელიც საგარეო და საშინაო ფაქტორების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად წლის პირველ ნახევარში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი დაცემისა, ამ პროცესის შენელება მაინც მოხერხდა. ამის გამო, 2015 წლის ბოლოს ეროვნული ვალუტა უკვე აღარ უფასურდება იმ დონეზე, როგორც ადრე უფასურდებოდა. ახლაც, მართალია, მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ 2,40 ლარის ფარგლებში მაინც ხერხდება ვალუტის კურსის შენარჩუნება.

ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა ისიც, რომ ეკონომიკა ძირითადად ზრდის ტემპს ინარჩუნებდა. ეს იყო მცირედი ზრდა, მაგრამ მაინც ზრდა და არა - შენელება. ამავე დროს, მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების და აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტში ჩავარდნა შემოსავლების და შემოსულობების მხრივ არ ყოფილა. მართალია, ინფლაცია გაიზარდა, მაგრამ არა მგონია წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ძალიან გასცდეს. უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შორის უნდა დავასახელო "მთის კანონის" მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს მთაში მცხოვრებ მეწარმეებს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნან, შესაბამისად, იქ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება შემოსავალი და მთა მოსახლეობისაგან აღარ დაიცლება. რაც შეეხება უარყოფით ფაქტორებს, პირველ რიგში უნდა გამოვყო ოლიგოპოლიზმის არსებობა სხვადასხვა სფეროში, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა და ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე".

ანალიტიკოს ვაჟა კაპანაძის შეფასებით, 2015 წლის ეკონომიკურ მოვლენებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა გარე ფაქტორებმა და მეზობელ ქვეყნებში შექმნილმა სიტუაციამ:

ვაჟა კაპანაძე: "თავდაპირველად ეპოქალური მოვლენები უნდა გამოვყო: კერძოდ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2014 წელს გაფორმდა, მაგრამ დიდი გავლენა იქონია ამ წლის ეკონომიკურ მოვლენებზე. აუცილებლად უნდა დავასახელო ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ახლახან მივიღეთ და ეკონომიკასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს ორი ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე მომავალშიც დიდ გავლენას მოახდენს.

რაც შეეხება სხვა მოვლენებს, ფისკალურ სფეროში დიდი ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ 2015 წელი მაინც პოზიტიური იყო, რადგან ფინანსური სტაბილურობა შევინარჩუნეთ. სერიოზული ძვრები შეიმჩნეოდა ინდუსტრიულ სფეროში, ასევე - ინოვაციური პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. დაიწყო მეწარმეობის ხელშემწყობი ისეთი პროქეტების დაფინანასება, როგორიცაა "აწარმოე საქართველოში". ინვესტიციების მხრივაც გვქონდა წინსვლა, რადგან ენერგეტიკის სფეროში ჩაიდო მსხვილი ინვესტიციები. ეს 2015 წლის პოზიტიური მოვლენებია.

ნეგატიური მოვლენა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში იყო ლარის კურსის დევალვაცია და ინფლაციური გადაჭარბება. ეს ორივე მაჩვენებელი ფულად-საკრედიტო სფეროში უარყოფითად უნდა შეფასდეს. ქვეყნის ეკონომიკაზე ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენდა ჩვენს ირგვლივ, რეგიონში განვითარებული მოვლენებიც. ეკონომიკური ზრდაც პესიმისტური იყო: ვფიქრობ, რომ 2%-იანი ზრდა დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად, მეტისმეტად მცირეა. სამწუხაროდ, ის პოზიტივები, რაც ქვეყნის ეკონომიკას უნდა მიეღო, ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ შთანთქა. სხვა მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილება ქვეყნის შიგნით არ ყოფილა, ეკონომიკური პოლიტიკაშიც უფრო მონოტონური ფონი შეიმჩნეოდა. ყველაზე ნეგატიური მოვლენა კი, მაინც ლარი კურსის გაუფასურება იყო - ეს გახლდათ ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ლარის დევალვაციამ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც შემოსავლები ძირითადად ეროვნულ ვალუტაში აქვს.

როგორი იქნება მომავალი წელი? - ძნელია პროგნოზი გააკეთო იმიტომ, რომ 2015 წელს ჩვენი ორი მეზობლის - რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ არ ვიცით, რა პრობლემებს შეუქმნიან ისინი ერთმანეთს და მთელ რეგიონს. გრძელვადიან პერსპექტივაში, არა მგონია ეს კონფლიქტი ჩვენთვის კარგი იყოს, რადგან ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური პრობლემები შეექმნება. საქართველოს ამ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, ჩვენი ექსპორტის ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის, ამიტომ ჩვენს სამეზობლოში შექმნილ სიტუაციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სხვა ნეგატიური ფაქტორები მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ჯერჯერობით არ ჩანს, დანარჩენს კი - მომავალი გვაჩვენებს".

ხათუნა ჩიგოგიძე