საახალწლო მილოცვები „ბიზნესპრესნიუსს“

რას გვისურვებენ ჩვენი ერთგული რესპონდენტები და მკითხველები

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: „თქვენს ვებგვერდს ხშირად ვადევნებ თვალს და უნდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ბევრ სიახლეს და პროფესიული თვალსაზრისით, საინტერესო მასალას ვაწყდები. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო ეკონომიკური საიტია. თქვენს ნიჭიერ კოლეგებს, მთელ შემოქმედებით კორპუსს ვუსურვებ, რომ ახალი, საინტერესო მასალებით გაეხარებინოს მკითხველის გული. იმედია, რომ 2016 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება თქვენთვის.

რაც შეეხება შენიშვნას, მომავალში ვისურვებდი, რომ უფრო მეტი შედარებითი ხასიათის ინფორმაცია დაიბეჭდოს საქართველოსა და სხვა ქვეყნების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ პლანეტის მაჯისცემაზე ხელი გვიჭირავს და საქართველოც გლობალური ეკონომიკის ნაწილია, შეიძლება შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ნაწილი“.

თემურ მაისურაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე: „სურვილი მაქვს თქვენი ვებგვერდის ერთგვარი გაპიარებისა, თუნდაც იმიტომ, რომ დღეს სკანდალებზე მომუშავე სააგენტოები უფრო რეიტინგულები არიან, ვიდრე საქმეზე მოსაუბრენი. გამოგიტყდებით, ზოგჯერ მეც იმ ვებგვერდებს ვსტუმრობ, რომელიც თავისთავად მეჩხირება თვალში, გინდა თუ არ გინდა, უნდა დააკლიკო და წაიკითხო. იქნებ, ეს თქვენმა სააგენტომაც მოახერხოს, ამას ტექნოლოგიის თვალსაზრისით ვამბობ და არა - პროფესიული დონის თვალსაზრისით. „ბიზნესპრესნიუსს“ ძირითადად მაშინ ვსტუმრობ, როდესაც რაღაც საქმიანი ინფორმაცია მაინტერესებს. მინდა გისურვოთ კიდევ უფრო წარმატებული წელი და უფრო მაღალი რეიტინგი, შემოქმედებითი წინსვლა და ნაყოფიერი 2016 წელი“.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: „თქვენი ვებგვერდის მასალებს თითქმის ყოველდღე ვეცნობი და ძალიან მსიამოვნებს, როცა ამდენ სიყვითლეში ასეთი კუნძულები ჩნდება, კუნძულები, სადაც სოლიდური, ანალიტიკური მასალები და საინტერესო სიახლეები იბეჭდება. ამას შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მიესალმო. როდესაც სადმე იბეჭდება სერიოზული ანალიზი, მსჯელობა და პრობლემების შეფასება ყოველვარი სიყვითლისა და სკანდალების გარეშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, რომ ისეთ ქვეყანაში გვეცხოვროს, სადაც ასეთი ტიპის მედია უმრავლესობაში იქნება და არა - უმცირესობაში. წარმატებებს გისურვებთ, რადგან თქვენი წარმატება სწორედ ამ ამოცანის შესრულება იქნება. ბოლოს კი გეტყვით, რომ ჩვენ თანამოაზრეები ვართ და რადგან შობა-ახალი წლის დღეებია, შენიშვნებისგანაც თავს შევიკავებ“.

ვაჟა ბერიძე, ეკონომიკის ექსპერტი: „როგორც წესი, "ინტერპრესნიუსს" და bpn.ge-ს ყოველდღიურად ვათვალიერებ, თქვენთან დაბეჭდილ ინფორმაციებსაც ყოველდღე ვეცნობი. ეს არის ძალიან კარგი, საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდი, სადაც კარგად არის წარმოდგენილი და გაშუქებული მიმდინარე პროცესები, ამიტომ ხშირად სწორედ თქვენგან ვიღებ ოპერატიულ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან დიდია მოთხოვნა სკანდალებსა და ჭორებზე, ვფიქრობ, რომ ყველა ტიპის ინფორმაციას თავისი მკითხველი ჰყავს, ამიტომ ყველამ თავის არჩეულ გზას უნდა მიხედოს. ჩემი აზრით, სერიოზული გამოცემა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ მომხმარებლის რაოდენობის ზრდაზე. მე, მაგალითად, როდესაც რაღაც ინფორმაცია ვრცელდება ე.წ. სკანდალურ ვებგვერდებზე, გადამოწმების მიზნით ისეთ სააგენტოებს მივმართავ, რომლებიც გადაუმოწმებელ ინფორმაციას არ დაბეჭდავენ. ასე რომ, ყველას თავისი ნიშა უნდა ჰქონდეს და ვფიქრობ, რომ ყველა სერიოზული ვებგვერდი უნდა ესწრაფოდეს სოლიდურობის და მიუკერძოებლობის ნიშა არ დაკარგოს. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიზიტორების რაოდენობა“.

რამაზ გერლიანი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე: „თქვენი საიტის ხშირი მომხმარებელი ვარ. ადრეც, როცა ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრში ვმუშაობდი, თქვენი ხშირი სტუმარი ვიყავი, როგორც რესპონდენტი. ნახევრად ხუმრობით თუ ვიტყვით, შეიძლება თქვენი ფანკლუბის წევრადაც კი მიმიჩნიოთ, რადგან დღემდე ბპნ.გე-ს ერთგული დავრჩი. უპირველეს ყოვლისა, მოგილოცავთ ახალი წლის მოსვლას. მივულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა მკითხველს, რომელიც თქვენს ინფორმაციას ეცნობა. გისურვებთ, 2016 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იყოს, გისურვებთ გაძლიერებას ფინანსურად და რაოდენობრივადაც. ჩემი რჩევა კი ასეთია: ყველამ ვიცით, რომ სოციალურმა ქსელებმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა ბეჭდური მედია, ამიტომ ამ ქსელებში უფრო მეტი აქტიურობის რეკომენდაციას მოგცემდით. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვისარგებლებ და სრულიად საქართველოს მივულოცავ დამდეგ 2016 წელს. დაე, ეს ყოფილიყოს ჩვენი ეკონომიკური წინსვლისა და საქართველოს გაერთიანების წელი!“

ხათუნა ჩიგოგიძე