მალაიზიური ავიაკომპანია ფრენებს შარიათის წესების დაცვით ახორციელებს

მალაიზიაში პირველი ავიაკომპანია შეიქმნა, რომელიც ფრენებს შარიათის წესების დაცვით ახორციელებს.

Rayani Air-ში, რომელიც მიმდინარე წელს დარეგისტრირდა, 355 ადამიანი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ისლამის წესებს მკაცრად იცავს, იქ მუშაობა სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვისაც არის ნებადართული.

ავიაკომპანიამ პირველი რეისი კუალა ლუმპური-ლანგკავის მიმართულებით 20 დეკემბერს შეასრულა. აფრენამდე ბორტგამცილებლებმა ხმამაღლა ილოცეს და ალაჰს უსაფრთხო მგზავრობა სთხოვეს.

ლაინერის სერვისი ასევე ისლამის კანონების შესაფერისი იყო. მგზავრებს მხოლოდ მუსლიმებისთვის დაშვებულ კერძებსა და უალკოჰოლო სასმელებს სთავაზობდნენ. ბორტგამცილებელ გოგონებს კი ჰიჯაბი ეფარათ, რაც Rayani Air-ის უნიფორმის აუცილებელი ატრიბუტია.

„ვამაყობთ, რომ პირველი მალაიზიური ავიაკომპანია ვართ, რომელიც შარიათის კანონების დაცვით მუშაობს“, - განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯააფარ ზამხარიმ.