არსებული ინფორმაციით, ბანკის დაყაჩაღების მცდელობისთვის დაკავებულ პირს ინკასაციის ფორმა ეცვა

ვაკეში, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების მცდელობისთვის ერთი პირის დაკავების ადგილზე სამართალდამცველები მუშაობას აგრძელებენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ბანკის დაყაჩაღების მცდელობისთვის პირი დაახლოებით 9:00 საათზე დააკავეს. მათი ინფორმაციით, მძარცველი ვაკეში მდებარე ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღებას ცდილობდა, შემდეგ კი პოლიციას გამოექცა და საბოლოოდ დააკავეს.

როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, პირი იყო შეიარაღებული და მან პოლიციელების მიმართულებით გაისროლა. ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ იყო ორმხრივი სროლა, თუმცა არავინ დაჭრილა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულს ჯავშანჟილეტი და ინკასაციის ფორმა ეცვა.