საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანობა და თანადგომის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით შედგა. მათივე განმარტებით, შეხვედრაზე საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტზე ისაუბრეს. რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს დადების მოთხოვნით საქართველოს ბიზნეს და ბანკების ასოციაციებმა მიმართეს, თუმცა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაციას განსხვავებული პოზიცია გააჩნია. კერძოდ, მისი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო არ უნდა დაადოს.

"ჩვენ მოვისმინეთ ყველა მხარის დამოკიდებულება - როგორც ბიზნესის, ასევე, არასამთავრობოების. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენც კარგად გააზრებული პოზიცია გვაქვს. ყველა ვთანხმდებით ერთ საკითხზე, რომ ცვლილება, რომელიც შეიძლება იყოს ინიცირებული და კანონის სახით წარმოდგენილი, არანაირი ფორმით არ უნდა აუარესებდეს არც ერთი მხარის მდგომარეობას,"- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. მისივე თქმით, საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ქვეყნის პირველი პირის პოზიციას საზოგადოებას დღეს, დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე გააცნობს.