ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის პარტია ჩაიტანეს

ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის პარტია ჩაიტანეს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, საუბარია იმ მოცულობაზე, რომელიც 14 ივლისს, ვენაში მიღწეული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.

"რუსეთის ხელშეწყობით ირანის ტერიტორიიდან გატანილია ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გამდიდრებული ურანი. ამ გზით შესრულდა გეგმის საკვანძო და ყველაზე რთული პირობა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 11,3 ტონა გამდიდრებული ურანი რუსეთში ხომალდით ჩაიტანეს. 14 ივლისს ირანმა და საერთაშორისო შუამავალთა ე.წ. ექვსეულმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს და ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომლის თანახმად, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების საპასუხოდ გაეროს უშიშროების საბჭო, აშშ და ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ მოქმედ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს მოხსნიან.