პუშკინის ქუჩაზე ერთდონიანი ორმხრივი მოძრაობა აღდგება

თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე ერთდონიანი ორმხრივი მოძრაობა დაახლოებით შვიდი თვის შემდეგ აღდგება,

- ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში, დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

დავით ნარმანიამ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პუშკინის ქუჩის ორმხრივი მოძრაობის აღდგენის სლაიდები და საბოლოოდ, როგორ სახეს მიიღებს.

მერის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ათამდე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა განიტვირთება. მერმა აღნიშნა, რომ პროექტის განსახორციელებლად ორი ტენდერი გამოცხადდა: კერძოდ, ერთი, საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოსავლენად, რომელშიც შპს "საქგზამეცნიერებამ" გაიმარჯვა და პროექტის ღირებულება 139 000 ლარი იყო. მეორე ტენდერი, საშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. სამუშაო ტენდერს გამარჯვებული კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტი" განახორციელებს, რომელსაც, დავით ნარმანიას თქმით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის ელბაქიძის დაღმართზე ჩამონგრეული საგზაო კედლის მშენებლობის სამუშაოები. მისივე თქმით, პუშკინის ქუჩაზე საყრდენ ბოძებზე ერთდონიანი ორმხრივი მოძრაობა მოეწყობა.

პროექტი 3.950 მლნ ლარი დაჯდება და იგი დაახლოებით 7 თვეში დასრულდება. "აღდგება ორმხრივი მოძრაობა, ფეხით მოსიარულეებს ექნებათ სივრცე და ასევე ტურისტები და ვიზიტორები შეძლებენ იქ არსებული ნანგრევების დათვალიერებას", - აღნიშნა ნარმანიამ. მისივე თქმით, პროექტმა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა გაიარა, რათა ყოველგვარი რისკებისაგან დაცული ყოფილიყო. ადგილზე უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.