ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი" ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 24 დეკემბერს, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე თ.ვ., ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად სავარძლის ქვეშ დამალული 55 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, ანალოგიური შემთხვევა მოხდა 23 დეკემბერსაც. საქართველოს მოქალაქე ო.რ.-ის ავტომანქანისა და კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: PARACEთAMOLO E CODEINA (48 აბი) და PARACETAMOLO E CODEINA Alter (13 აბი) აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.