პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს

პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

პროგრამაში - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის შემდეგ, პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" მთავარ მიზნად კვლავ უპირობოდ რჩება ერთიანი, ძლიერი, კანონის უზენაესობაზე დამყარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. დოკუმენტში ხაზგასმაულია, რომ ქვეყნის მთავარ ორიენტირად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება. ყურადღება გამახვილებულია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზეც და აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს ნატო-სთან თანამშრომლობას ინტეგრაციის გაღრმავებისა და ნატო-ში საქართველოს საბოლოო გაწევრიანების მიზნით, რაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გარანტიაა. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, პროგრამაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნება. აღნიშნულია, რომ მთავრობა გააგრძელებს მუშაობას უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის და მოქალაქეებისათვის ღირსეული პირობების შექმნის მიმართულებით; გაგრძელდება წვრილი და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; მთავრობა კვლავაც გააგრძელებს ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს; მთავრობა გააგრძელებს დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას, მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავისუფალ და დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს, შექმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ ორგანიზაციებს ჰქონდეთ თანაბარი პირობები და კონკურენტულ გარემოში პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა.