სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში მალფუჭებადი სურსათის შეძენისგან თავი შეიკავოს

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პარალელურად, წინასაახალწლო დღეებში მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში გაურკვეველი წარმომავლობის მალფუჭებადი სურსათის შეძენისაგან თავი შეიკავოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ შეიძენენ მაღალი რისკის სურსათს (ხორცი და ხორცპროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ბავშვთა საკვები) ქუჩაში, არასათანადო შენახვისა და რეალიზაციის პირობებში. "ასევე სურსათის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ვარგისიანობას - დააკვირდით, რამდენად ახალია ის, ეტიკეტზე ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას და შენახვის პირობებს", - ნათქვამია განცხადებაში. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს - 291 91 68.