2015 წლის ყველაზე დიდი ფინანსური სკანდალები

მიმდინარე წელი მსოფლიოში რამდენიმე ხმაურიანი ფინანსური სკანდალით გამოირჩა. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

ბრაზილიური ნავთობკომპანია "პეტრობასის" სკანდალი

ფინანსური სკანდალი ბრაზილიის ნავთობკომპანია „პეტრობასის“ გარშემო მიმდინარე წლის დასაწყისში აგორდა. ფულის გათეთრებისა და ქრთამის აღების მუხლით ბრალდება 80-მდე ადამიანს, მათ შორის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ბრაზილიის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს წაუყენეს.

გამოძიების თანახმად, დანაშაულებრივი სქემების საშუალებით კომპანიის ხელმძღვანელობამ 4 მილიარდ აშშ დოლარამდე მოიპოვა, თანხის ნაწილი ხელისუფლების წევრებს შორის გადანაწილდა, რომლებიც კომპანიის საქმიანობას ლობირებდნენ.

ფიფა-ს სკანდალი

ფიფა-ს ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალი მიმდინარე წლის მაისში აგორდა, როცა შვეიცარიის ხელისუფლებამ კორუფციის ბრალდებით ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა.

სკანდალის გამო ფიფა-ს პრეზიდენტს იოზეფ ბლატერს, ასევე უეფა-ს პრეზიდენტს მიშელ პლატინის, ფეხბურთის სფეროში საქმიანობა 8 წლით აეკრძალათ. გამოძიების თანახმად, ბლატერმა 2011 წელს უეფა-ს პრეზიდენტს მიშელ პლატინის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაურიცხა.

"ტოშიბას" სკანდალი

"ტოშიბას" გარშემო მომხდარი ფინანსური სკანდალის გამო, მიმდინარე წლის ივლისში იაპონური კონცერნის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჰისაო ტანაკა გადადგა. გამოძიების თანახმად, წლების განმავლობაში კომპანია მოგების შესახებ მონაცემებს გადაჭარბებით აჩვენებდა.

ჰილარი და ბილ კლინტონების მიერ რუსული ბანკებიდან მიღებული თანხები

მიმდინარე წლის აპრილში, გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემებმა The Wall Street Journal-მა და The New York Times-მა გამოაქვეყნეს მასალები, რომლის თანახმად, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მეუღლესთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა გარიგებაში, რომლის შედეგად რუსეთმა აშშ-სა და კანადაში ურანის საბადოები შეიძინა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჰილარი და ბილ კლინტონების ფონდში რუსული ბანკებიდან ასობით ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა.

მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა ჰაკერულმა თავდასხმამ 12 სახელმწიფო, 7 ფინანსური კორპორაცია და 100 მილიონი ადამიანი დააზარალა. სხვადასხვა დროს ჰაკერთა ორგანიზებულმა ჯგუფმა კიბერშეტევები აშშ-ის უმსხვილეს ბანკზე JP Morgan Chase-ზე, ასევე გამოცემა Wall Street Journal-ზე განახორციელა და მილიონობით ადამიანის მონაცემები მოიპოვა. დანაშაულებრივი სქემის ორგანიზების მიზნით, თაღლითებმა 75 ფირმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაარეგისტრირეს, უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი 30-ზე მეტი ყალბი პასპორტი დაამზადეს.