დავით ნარმანია - საბავშვო ბაღებში ჩვენ დავარიგეთ იმაზე უკეთესი საჩუქრები, ვიდრე გასულ წელს და პატარები კმაყოფილები არიან

თბილისის მერი დავით ნარმანია ამტკიცებს, რომ საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრები აღსაზრდელებისთვის დადგენილ ვადებში დარიგდა. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის საბავშვო ბაღებში ყველანაირი შესყიდვის პროცესი ტენდერებით ხორციელდება. შესაბამისად, საახალწლო საჩუქრების შეძენა ტენდერის გზით მოხდა. თბილისის მერის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრების დარიგება 28-30 დეკემბერს იყო დაგეგმილი, რაც განხორციელდა. მისივე თქმით, ყველა საჯარო საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა საახალწლო საჩუქრები უკვე მიიღო.

"საჩუქრის ჯამური ღირებულება, ისევე როგორც კალათაში არსებული ნაკრები არის იმაზე უკეთესი, ვიდრე გასულ წელს და პატარები ძალიან კმაყოფილები არიან. პედაგოგებისგანაც მოყვა პოზიტიური შეფასებები, რომელთაც ახსოვთ წლების განმავლობაში რა რიგდებოდა და რა დარიგდა წელს", - აღნიშნა ნარმანიამ. დედაქალაქის მერმა საუბრისას ვერ დააკონკრეტა, რა ღირდა ერთი ბავშვის საახალწლო საჩუქარი.