შემოსავლების სამსახური ბიზნესმენ დავით ზოდელავას პასუხობს

შემოსავლების სამსახური ბიზნესმენ დავით ზოდელავას ღია წერილს ეხმაურება, რომელიც 28 დეკემბერს მედიის საშუალებით გავრცელდა. როგორც შემოსავლების სამსახურიდან გვაცნობეს, წერილის ავტორი შემოსავლების სამსახურის კანონით რეგულირებულ საქმიანობას, სამსახურის მიმართ შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს. შემოსავლების სამსახურს გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილი აქვს ბიზნესმენის ციტატა - "23 დეკემბერს თავს დაგვესხა შემოსავლების სამსახურის ოპერატიული ჯგუფი შემოწმების მიზნით ლაბორატორიის შვილობილ კომპანიაში: ბიო პროდუქციის ანალიზის და რეალიზაციის პუნქტში, რომლის დირექტორიც მე გახლავართ და რომელსაც დღეში 300-500 ლარიანი ბრუნვა აქვს". შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით ზოდელავა ცრუობს, რადგან შპს ტესტ ლაბორატორიაში, ასევე, ამავე ბიზნესმენის მიერ დაფუძნებულ კიდევ ერთ კომპანიაში, შპს "გრუზპლოდექსპორტში" საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა. "გვინდა განვაცხადოთ: ბიზნესმენი ზოდელავა ცრუობს, რადგან შპს ტესტ ლაბორატორიაში (ს/ნ 404988055), ასევე, ამავე ბიზნესმენის მიერ დაფუძნებულ კიდევ ერთ კომპანიაში, შპს გრუზპლოდექსპორტში (ს/ნ 445451788), შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რეგისტრაციის დღიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა. არ არსებობს წერილში აღნიშნული ე.წ. შვილობილი კომპანიაც.

თუმცა, დავით ზოდელავას მფლობელობაში არსებობს კიდევ ერთი კომპანია - შპს "D&Company და კომპანიას" (ს/ნ 405008076), რომელიც ეწევა საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობას (ელექტროსიგარეტები, ელექტროსიგარეტის სითხეები, სადგამები და ა.შ.). აღნიშნულ კომპანიაში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის კუთხით შესაძლო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება. შპს "D&Company და კომპანიას", თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, არ განიხილება, როგორც შპს ტესტ ლაბორატორიის შვილობილი კომპანია", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საგადასახადო შემოწმება დაუშვებელია განიხილებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე თავდასხმის კონტექსტში. "ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, მიზანმიმართული, ზიანის მომტანი განცხადება. შემოსავლების სამსახური ახორციელებს მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციას ანალიზზე დაფუძნებული მონიტორინგის ფარგლებში და ამოწმებს ამა თუ იმ კომპანიის სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.