ქუთაისის საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრები დარიგდა

ქუთაისის ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრები დარიგდა. ნობათი ქალაქის 35 ბაღის 9900 აღსაზრდელმა მიიღო. საჩუქრები ერთ-ერთ ბაღში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა დაარიგეს.

"მომავალი წლიდან საბავშვო ბაღებში დაგეგმილია ხელფასების ზრდა. აშენდა 2 ახალი ბაღი და რამდენიმეზე მიმდინარეობს მიშენება. წელს კვება სამჯერადი გავხადეთ და ასევე დავნიშნეთ მეორე ცვლის პედაგოგები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყურადღება მიექცეს სკოლამდელ დაწესებულებებს", - განაცხადა შოთა მურღულიამ. ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საჩუქრები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 62 142 ლარის ფარგლებში შეიძინა. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს დასრულდა და მომავალი წლის 25 იანვარს განახლდება.