გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ვადებში დასრულდება

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ვადებში დასრულდება და ეს არავითარი ეჭვის ქვეშ არ დგას , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

"ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ 2016 წლის შემოდგომამდე გაწევრიანების ვალდებულება გვაქვს. მოლაპარაკებების 4 რაუნდი ენერგეტიკის სამინისტროსა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს შორის წარმატებით დასრულდა", - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი. "მე-5 რაუნდი დაგეგმილია იანვრის ბოლოს. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი ვადებში დასრულდება და ეს არავითარი ეჭვის ქვეშ არ დგას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.