გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი მუშავდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი მუშავდება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. გიორგი კვირკაშვილი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

"რაც შეეხება ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ეს აშენებულ იქნა, როგორც საოფისე შენობა. თვითონ "მილენიუმის" პროგრამის ექსპერტების დასკვნით და ჩვენ გვაქვს მოწერილი წერილები, ეს შენობა ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის არის გამოუსადეგარი. მე შემიძლია თქვენ ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ და სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს შენობა საპრივატიზებო აუქციონზე გაგვეტანა და ის გასხვისებული იქნება. იქ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება "მილენიუმის" პროგრამას, კვირიკაშვილის განცხადებით, ის გაგრძელდა და დღეს საქართველოს სამ უნივერსიტეტშია შესაძლებელი სან დიეგოს უნივესიტეტის დიპლომის აღება. "თვითონ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, რამდენადაც ვიცი, მუშავდება. მე არ ვიცი ზუსტად რა ეტაპზეა, მაგრამ ბათუმის შენობა იყო გამოუსადეგარი. მათ შორის, ძალიან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, სასწავლო დაწესებულებებში ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტების დაცვითაც კი, ეს შენობა იყო გამოუსადეგარი, ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ დამატებითი კითხვები აღარ იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.