გიორგი კვირიკაშვილი – თუ პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირების გაგრძელებას გადაწყვეტს, ჩვენ შენობის შემოგარენის კეთილმოწყობის მიზნით ინვესტიციებს განვახორციელებთ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება პარლამენტი თბილისში იყოს, თუმცა ის პატივს სცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის აზრს. შესაბამისად, როგორც კვირიკაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, თუ დეპუტატები გადაწყვეტენ, პარლამენტი ქუთაისში დარჩეს, შენობის შემოგარენის კეთილმოწყობის მიზნით დამატებითი ღონისძიებები ჩატარდება. "თუ პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება, რომ ქუთაისში გააგრძელებს საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებას, ჩვენ ინვესტიციებს განვახორციელებთ სახელმწიფოს მხრიდან და პარლამენტის შენობის ირგვლივ დამატებითი კეთილმოწყობა განხორციელდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა დეპუტატ გია თევდორაძის იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რა გეგმების აქვს მთავრობას ქუთაისის განვითარების მიმართულებით. კვირიკაშვილის აზრით, ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეიძლება, მათ შორის, საინტერესო იდეაა ქუთაისის გადაქცევა საგანმანათლებლო ცენტრად. რაც შეეხება პარლამენტის შენობას ქუთაისში, კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის წევრების მუდმივი გადაადგილება მთავრობის მუშაობაში დისკომფორტს ქმნის.

"ვერ შეგედრებით ქუთაისის სიყვარულში, ალბათ. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ქალაქი, რომელიც გეოგრაფიულად ქვეყნის ცენტრში იმყოფება. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება ქუთაისში. ეს არის როგორც ქუთაისის ტურისტულ ჰაბად გადაქცევის პროექტი, მათ შორის კარგი პროექტი იქნა წამოწყებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სახით და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო თქვენი ხელისუფლების პირობებში. შემდგომში კიდევ განვავითარეთ ეს პროექტი. მნიშვნელოვანი დამატებები მოხდა საერთაშორისო მიმართულებებით. ეს არის ბუდაპეშტის, ვილნიუსის მიმართულება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ შემოვიყვანოთ ქუთაისში "ვიზეარი" ფართო მასშტაბით და გავაკეთოთ "ვეზეარის" ბაზა, როდესაც "ვიზეარი" დატოვებს ღამის განმავლობაში რამდენიმე თვითმფრინავს, ბორტს და 7-დან 8-მდე საერთაშორისო მიმართულება დაემატება ქუთაისის მხრიდან ევროპის მართულებით რეისებს. ამას გარდა, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ირლანდიურ "რაინეართან" და იმედი გვაქვს, მეორე უფრო ცნობილი დაბალბიუჯეტიანი საერთაშორისო კომპანია იფრენს ქუთაისის მიმართულებით. ამასთან, ქუთაისში ვფიქრობთ კიდევ უფრო განვავითაროთ თავისუფალი ტურისტული ზონების კონცეფცია. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ "ჰუალინგს" მივანიჭეთ ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გეგმები აქვს ამ კომპანიას, რომ შემოიყვანს რამდენიმე მსხვილ ინდუსტრიულ ინვესტორს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.