გიორგი კვირიკაშვილი - ბიზნესის განვითარება მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს

არანაირი ბიზნესის განვითარება მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ჭიათურის მაჟორიტარის მალხაზ წერეთლის მიერ ჭიათურასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ კომპანია "ჭიათურ მანგანუმმა" უნდა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება გარემოს დაცვის კუთხით, რომელიც მას აქვს აღებული.

"აქ არ შეიძლება, რომ ორი აზრი არსებობდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არანაირი ბიზნესის განვითარება მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მე შემიძლია ჩემი განწყობა გითხრათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. გიორგი კვირიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვდეს ჭიათურის მაჟორიტარს მალხაზ წერეთელს. "სიამოვნებით ვიღებ თქვენ წინადადებას სამუშაო შეხვედრის თაობაზე ამ საკითხზე, თუ გნებავთ მთავრობის სხდომის ფორმატი მივცეთ ამას, მაგრამ მთავრობის სხდომაზე დიდი სიამოვნებით შეგხვდებოდით თქვენ და ამ საკითხების შესახებ თქვენს ინფორმაციას მოვისმენდი. ასევე რამდენად ვიცი, ბიზნესომბუდსმენი მუშაობს ძალიან აქტიურად კომპანიის მენეჯმენტთან, რათა მიმდინარე პრობლემები იქნას აღმოფხვრილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.