გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გაუგებარი მაღალსართულიანი შენობები არ უნდა ჩნდებოდეს კერძო დასახლებებში

სივრცითი დაგეგმარების და მშენებლობის ახალი კოდექსი შემუშავდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროექტს უახლოეს დღეებში ჯერ მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და შემდეგ წარუდგენენ პარლამენტს. "რაც შეეხება თბილისს, გეთანხმებით, საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს. მშენებლობის სექტორში არის აბსოლუტურად ქაოტური მდგომარეობა გენგეგმების არარსებობის, კოეფიციენტების, ზონალური დაგეგმარების კუთხით. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ სივრცითი დაგეგმარების და მშენებლობის ახალი კოდექსი, რომელსაც უახლოეს დღეებში, მთავრობაზე გავლის შემდეგ წარმოგიდგენთ პარლამენტს, რათა უმოკლეს ვადებში იქნას მიღებული", - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად გაუგებარი, მაღალსართულიანი შენობები არ უნდა ჩნდებოდეს კერძო დასახლებებში.

"ეს არის საშინელი დარღვევა იმ ადამიანების უფლებების, რომლებმაც შეიძინეს კერძო სახლები და ერთ მშვენიერ დილას შეიძლება აღმოჩნდნენ მრავალსართულიანი კორპუსის ძირში", -განაცხადა კვირიკაშვილმა. რაც შეეხება ძველი თბილისის ბედს, პრემიერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ეს უნდა გახდეს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. "აქ საუბარი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ძველი თბილისი არის უმნიშვნელოვანესი ამ თვალსაზრისით და ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება მომავალ თაობებს არ შემოვუნახოთ იგი იმ სახით, რა სახითაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს. მე გპირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ამ საკითხს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.