გიორგი კვირიკაშვილი - კომპანია "ატუს" მიერ ხე-ტყის მოპოვებას მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო დანიშნულება აქვს

კომპანია "ატუს" მიერ ხე-ტყის მოპოვებას მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო დანიშნულება აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა , სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, კომპანია "ატუსთვის" ხე-ტყის მოპოვებაზე ლიცენზია წინა ხელისუფლების პირობებში, 2008 წლიდანაა გაცემული და ბუნებრივია 2013-2014-2015 წელსაც გაგრძელდა.

"მინდა გითხრათ, რომ კომპანია "ატუს" მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, აქ არის დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილია თქვენი მთავრობაში ყოფნის დროს გაცემული ლიცენზიები. ეს არის 2008 წლის, 2009 წლის, 2010 წლის, 2011 წლის და 2012 წლის პერიოდში გაცემული ლიცენზიები. შემდგომ უკვე ბუნებრივია, გაგრძელდა 2013-2014-2015 წელსაც. ამ კომპანიას არც ერთი თეთრი მოგება არ უშოვია ამ პროექტებიდან. მე შემიძლია გითხრთ, რომ კომპანია ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს. ეს არის 100%-ით საქველმოქმედო ორგანიზაცია და მის ხე-ტყის მოპოვების უფლებას მხოლოდ და მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს, რომ საავადმყოფოების, თეატრების და სხვა საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია განახორციელონ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მერქნული რესურსი, რომელიც კომპანია "ატუს" მიერ მოიპოვება, გამოიყენება ოპერის, მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებლის რეაბილიტაციისთვის, რაგბის ბაზების მშენებლობისთვის ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში, სკოლების და სხვა ამ ტიპის დაწესებულების ობიექტების მშენებლობისას.

"არც ერთი კუბური მეტრი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყიდან არ გამოიყენება კომერციული დანიშნულებით და მე მგონია, რომ ამ კითხვის ავტორს კარგად უნდა მოგეხსენებოდეთ ეს რეალობა, რადგან თქვენი ხელისუფლების პირობებში 4-ჯერ არის ასეთი ტიპის ლიცენზიები გაცემული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.