მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება - დიმიტრი ქუმსიშვილი და კახი კალაძე

მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება - დიმიტრი ქუმსიშვილი და კახი კალაძე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. კვირიკაშვილის შეფასებით, პარლამენტში საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართა.

"ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი დეტალური მიდგომები თუ რას გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანა გავხადოთ უკეთესი. იყო მცდელობა, რომ ჩვენი კონსტრუქციული, მეგობრული თანამშრომლობის სულისკვეთებით გაჟღენთილი ტონალობა შეცვლილიყო. თუმცა არ ავყევით ამ მცდელობებს. დავრჩით იმავე ტონალობაში, რა ტონალობაშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება და ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში დავამკვიდროთ სიმშვიდე და სტაბილურობის შეგრძნება. ეს იქნება ჩვენი მთავარი ქვაკუთხედი. ჩვენი ქვაკუთხედი იქნება ეკონომიკის განვითარება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებობა ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების წინაშე. როგორც უკვე ვთქვი, საქართველო უნდა გაერთიანდეს და საზოგადოებამ უნდა გაიმარჯვოს", - განაცხადა კვირიკაშვილმა. ჟურნალისტების კითხვაზე - თუ ვინ იქნება ვიცე-პრემიერი და მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები მთავრობაში, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში იქნება ორი ვიცე-პრემიერ მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი და კახი კალაძე. "ორი ვიცე-პრემიერი იქნება - დიმიტრი ქუმსიშვილი და კახი კალაძე. როგორც იცით, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა მიხეილ ჯანელიძე. დანარჩენ ცვლილებებზე უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ. ოთხშაბათს, 12.00 საათზე არის მთავრობის სხდომაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტმა გუშინ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.