თოფაძე "ნაციონალებს" - თქვენ მილიარდობით ვალები აკიდეთ ამ ხელისუფლებას, მაშინ 350 ლარი მოემატებოდა პენსიონერს

ივანიშვილი დაბრუნდა იმისთვის, რომ თქვენგან გაეთავისუფლებინა საქართველო, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატებს მიმართა. გოგი თოფაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრები მსგავს გამოთქმებს შეჩვეულები არიან.

"ამათი პრობლემა სხვა რამეშია, არავითარი ფუნქცია არა აქვთ პარლამენტში. ნებისმიერ თემაზე იწყებენ ლანძღვას და რამდენიმე საათი არავითარი მუხრუჭი არ აქვთ. ყველას გადატანილი აქვს ის ტრაგედია, რაც თქვენ საქართველოს მოუვლინეთ. ტლიკინებდით და მე ხმას არ ვიღებდი. აქ მოიტანეს "პაპკები", რომ თურმე 50 ლარით შეგვეძლო გაგვეზარდა პენსია. თქვენ მილიარდები გაუშვით უცხოეთში, მილიარდობით დოლარი ვალები აკიდეთ ამ ხელისუფლებას, მაშინ 350 ლარი მოემატებოდა პენსიონერს. აბა დათვალეთ, რა არის 6 მილიარდი. იმის მერე, რაც თქვენ დაუტოვეთ ამ ხელისუფლებას, რა გალაპარაკებთ, რა უფლებით?! ყველა თემას ეხებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ ახალგაზრდა კაცმა რამდენი სიკეთე გააკეთა, რამდენი ქარხანა აშენდა, რამდენი ფერმა, სასტუმრო, საერთაშორისო ურთიერთობებში რა ნაბიჯები გადადგა და მაინც სულ მის ლანძღვაში იყავით. თქვენ განაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე სამშობლოში ფულის საშოვნელად დაბრუნდა. ფულის შოვნა მან კარგად იცის, ის დაბრუნდა იმისთვის, რომ თქვენგან გაეთავისუფლებინა საქართველო, რომ ეშველა ჩვენთვის და ახლა ვერ ინელებთ, რომ უფუნქციოდ ხართ დარჩენილები", - განაცხადა გოგი თოფაძემ.