ნადირაშვილი კვირიკაშვილს - თქვენი მშვიდი ტონი რაიმე შეღავათია 150 ათასი ადამიანისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღეთ?!

კვირიკაშვილის მთელი შარმი ღარიბაშვილშია, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გუშინ, რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებით ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები არ გადაიჭრება და ახალი პრემიერი ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებდა.

"დღეს, კვირიკაშვილის მთელი შარმი ღარიბაშვილშია. ჩვენც, უმრავლესობაც და მთელი საზოგადოებაც მას ძველ პრემიერს ვადარებთ და დასკვნაც საერთო და სათანადოა. მის ფონზე გამოიყურებით უფრო ცივილურად, მშვიდად და არ ფეთქდებით ყოველ მეორე სიტყვაზე, არ მოგყვებათ სიმამრის შლეიფი, ცოლის ნათესავების და სისხლიან 9 წელზე არ გაჰყვირით, თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამთ. ახლა პარლამენტშიც და გარეთაც ხშირად მოისმენთ სიტყვებს - იმას ხომ ჯობს?! კი ბატონო, გარეგნულად ასე გამოიყურება, მაგრამ თქვენი დამტკიცების შემთხვევაში ქვეყნისთვის რა შეიცვლება?! 705 ათასი პენსიონერის ბედი?! არა, ისინი სიღარიბის ზღვარზე რჩებიან. ყოველი ახალი წლის და ახალი დღის დადგომის ეშინიათ. თქვენი დამტკიცების წუთიდან, იქნებით პრემიერი, რომელმაც უარი უთხრა მათ პენსიის 50 ლარით გაზრდაზე. თქვენი მშვიდი ტონი რაიმე შეღავათია 150 ათასი ადამიანისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღეთ?! რა თქმა უნდა - არა, ორი დღის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ გითქვამთ მათზე. 70 000 საჯარო მოხელე, რომელიც სამსახურებიდან გააგდო თქვენმა მთავრობამ და ახლა ისმენენ თუ რამდენი პრემია აიღეს მინისტრებმა, მათმა ნათესავებმა, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა. რამეს შეუძლია გადაფაროს ის, რომ ლარი დრამატულად გაუფასურდა?! რამეს შეუძლია გადაფაროს ის ფაქტი, რომ თქვენი ეკონომიკის მინისტრობის დროს, საქართველო ევრაზიის კონტინენტზე ერთადერთი ქვეყანა გახდა, სადაც შიმშილის ზღვარს ქვემოთ მყოფი ხალხის რაოდენობა გაიზარდა. გირჩევთ ამ სტატისტიკაზეც იფიქროთ და იქნებ მერე არ მოგვიყვეთ ასე თავდაჯერებულად, რომ ქვეყანაში ყველაფერი იდეალურადაა. იქნებ მეც მეფიქრა, რომ რაღაცას შეცვლით, თქვენს მინისტრთა კაბინეტში კულტურის მინისტრი, რომელმაც საყდრისის აფეთქებას მოაწერა ხელი. ქუმსიშვილი, რომელიც ოდიშარიას აძალებდა, ამისთვის ხელის მოწერას აიძულებდა. მე დღეს გავაკეთე ორი დასკვნა - თქვენ სწორად შერჩეული ტონით საუბრობთ, თქვენ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც ამას ღარიბაშვილი აკეთებდა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.