წლის პროექტები

2015 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური თუ ენერგეტიკული პროექტი განხორციელდა, რომელთა ჩამონათვალს BPN გთავაზობთ:

"აბრეშუმის რკინიგზა"

ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან, 29 ნოემბერს გამოსული ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი მატარებელი საქართველოში 13 დეკემბერს შემოვიდა, რის შემდეგაც "აბრეშუმის რკინიგზა" ოფიციალურად გაიხსნა. ჩინეთიდან მატარებელმა გამოიარა შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს გავლით კი, სამ დღეში თურქეთში ჩავიდა. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია – ევროპას და ჩინეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა. იგივე დანიშნულების მისაღწევად, საზღვაო ხაზის გემს 40-45 დღე სჭირდება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ორმაგდება.

გარდაბნის თბოელექტროსადგური

2015 წლის ივლისში საპარტნიორო ფონდმა გარდაბანში ენერგო პროექტი დაასრულა – გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა და სადგურის ტექნიკური გაშვება უზრუნველყო. გარდაბანში მდებარე თბოსადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით, თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და ეკონომიურია. ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას. თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე 231 მილიონი დოლარი დაიხარჯა. პროექტი საპარტნიორო ფონდმა და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" დააფინანსა. მშენებლობა კი უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ – ÇALIK ENERJİ-მ განახორციელა.

შავი ზღვის თბოელექტროსადგურის რეაბილიტაცია

საქართველომ ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტი განახორციელა, რომლის ოპერირებაც 2013 წელს დაიწყო. პროექტი აფართოებს საქართველოს გადამცემ სისტემას მეზობელი სახელმწიფოების მიმართულებით, განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით და უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტისა და სატრანზიტო ოპერაციების საიმედოობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ენერგეტიკაში და მიზნად ისახავს საქართველოსა და თურქეთის ელექტროგადამცემ ქსელების შორის 700 მვტ. სიმძლავრის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას.

ჩქაროსნული მაგისტრალი

2015 წლის დეკემბერში, ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი-აგარის საავტომობილო გზის 19,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION ახორციელებდა. სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც 30 მილიონ დოლარს შეადგენს, მსოფლიო ბანკიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. გზის მშენებლობა სატრანზიტო მაგისტრალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობდა. საგარეო ტვირთების 60%-ზე მეტი აღნიშნული ჩქაროსნული მაგისტრალის გავლით გადის. მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რათა საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად იქცეს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთთან, ასევე თურქეთსა და ევროპაში. რუისი-აგარის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შედეგად, საგზაო ქსელი მოდერნიზებულია და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. შესაბამისად, იზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოება.

"დარიალის" ჰიდროელექტროსადგური

წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს "დარიალჰესის" მშენებლობა - ეს არის 110 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე დიდია. "თი-ბი-სი" ბანკთან ერთად პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა. "დარიალიჰესის" ინვესტიცია 130 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბაკურიანის განახლებული საბაგირო

კურორტ ბაკურიანის განახლებული საბაგირო 27 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა. საბაგიროს მშენებლობა მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ავსტრიულმა კომპანია - "დოპელმაიერმა" განახორციელა. განახლებული ტრასის საერთო სიგრძე 3 კილომეტრი და 100 მეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი 2100 მეტრს შეადგენს. საბაგირო 6-კაციანი სავარძლითაა აღჭურვილი. "კოხტას მთაზე" ახალი საბაგირო შუალედური სადგურით ამოქმედდა. პარალელურად, "კოხტა მთასთან" მისასვლელი გზაც გაფართოვდა, რაზეც 175 000 ლარი დაიხარჯა.

ტექნოპარკი

მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს ტექნოპარკიც, რომლის გახსნას წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ოქროყანაში გეგმავს. ეს არის მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, რომელიც ოქროყანაში 18 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდა. ტექნოპარკში განთავსებულია მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები, შოუ რუმები, CO-WORKING ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და სხვა. საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარებაა. ტექნოლოგიური პარკი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში. საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ციფრული მაუწყებლობა

2015 წელს საქართველო ანალოგიურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ახალი ტექნოლოგიური პლატფორმისთვის საჭირო ყველა ღონისძიება უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით დაასრულა. საერთაშორისო ვალდებულებით განპირობებულმა ტექნოლოგიურმა ცვლილებამ ტერესტრიული სატელევიზიო ინდუსტრია ძირეულად გარდაქმნა - რეფორმის განხორციელებით საქართველოში ღია საეთერო ტელემაუწყებლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო.

რუსუდან შელია