პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. "საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად", - ნათქვამია ქვეყნის პირველი პირის განკარგულებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 წინააღმდეგი წავიდა. გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა".

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. ერთადერთი ცვლილება განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ ჯანელიძემ შეცვალა.