წყლის კომპანიები მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით აბონენტებს აფრთხილებენ

კომპანიები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი", მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო აბონენტებს აფრთხილებენ. ამასთან დაკავშირებით, სამი კომპანია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

"ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით 2016 წლის 1-დან 5 იანვრის ჩათვლით, მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის აბონენტებმა, ყინვის დროს, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები: იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეკომენდირებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით. აღნიშნულ თარიღებში, ყოველ აბონენტს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" გამდინარე, მოჭარბებული წყლის დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ.

კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.