2016 წლის იანვრიდან უკრაინაში რუსული პროდუქციის ნაწილის ექსპორტი აიკრძალება

უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ რუსული პროდუქციის სია შეადგინა, რომლის ექსპორტიც უკრაინაში 2016 წლის იანვრიდან აიკრძალება. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები უკრაინის ეროვნული ეკონომიკური ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად, ასევე დარღვეული უფლებების აღსადგენად დაწესდება.

სასანქციო სიაში მოხვდა რძის და ხორცპროდუქტები, თევზეული, საკონდიტრო ნაწარმი, ყავა, ჩაი, ალკოჰოლური სასმელები და სხვა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას "საგარეო ეკონომიკური საქმიანობის" შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს უკრაინის მინისტრთა კაბინეტს, "აგრესორი სახელმწიფოს მიმართ ეკონომიკური ხასიათის ადეკვატური ზომები გამოიყენოს".