2015 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 19 მილიარდი დოლარით შემცირდა

ყველაზე მეტად მექსიკელი ტელემაგნატი კარლოს სლიმი დაზარალდა

"ბლუმბერგის" მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მსოფლიოს 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 2015 წელს ჯამში 19 მილიარდი დოლარით შემცირდა. ექსპერტთა ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნედლეულზე ფასების დაცემა და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებაა.

ყველაზე მეტად მიმდინარე წელს მექსიკელი ტელემაგნატი კარლოს სლიმი დაზარალდა, რომლის ქონება 20 მილიონი დოლარით შემცირდა. მექსიკელი მილიარდერის კომპანიის America Movil SAB-ის აქციები 25%-ით გაუფასურდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის ყველაზე მდიდარ ადამიანებში კარლოს სლიმი მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა. დღევანდელი მონაცემებით, კარლოს სლიმის ქონება 53 მილიარდ დოლარს შეადგენს.

11,3 მილიარდი დოლარით - 62,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა ამერიკელი ინვესტორის უორენ ბაფეტის ქონება. ინვესტორის კომპანია Berkshire Hathway 2011 წლის შემდეგ პირველად, ასრულებს წელს წაგებით.

ბაფეტისა და სლიმისგან განსხვავებით, წლევანდელი წელი შემოსავლიანი აღმოჩნდა ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებელი რითეილერის „ინდიტექსის“ მფლობელი ამანსიო ორტეგასთვის. ესპანელი მილიარდერის ქონება 2015 წელს 12,1 მილიარდი დოლარით - 73,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და შედეგად, ორტეგა მსოფლიოს ნომერ მეორე მილიარდერად დასახელდა.

ყველაზე მეტად წელს ნედლეულის სექტორში მოღვაწე მილიარდერები დაზარალდნენ. „ბლუმბერგის“ ცნობით, მსოფლიოში ასეთი 31 მილიარდერია, რომლებიც ნავთობის, სპილენძისა და სხვა სახის ნედლეულზე ფასების ვარდნის გამო, ჯამში 32 მილიარდით გაღარიბდნენ. თუმცა პირიქით, წელი მომგებიანი აღმოჩნდა ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენელთათვის, რომელთა ქონებაც ჯამში, 81 მილიარდი დოლარით გაიზარდა.