დავით ჩარქსელიანი - დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ე.წ. "მეცამეტე ხელფასი" დისციპლინური გადაცდომების გამო ჩამოეჭრათ

"თბილსერვისის" იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით ჩარქსელიანი აცხადებს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ე.წ. "მეცამეტე ხელფასი" დისციპლინური გადაცდომების გამო ჩამოეჭრათ. რაც შეეხება აქციის მონაწილეებზე ზეწოლას, ჩარქსელიანი მსგავს ფაქტს გამორიცხავს. "მთლიანობაში "თბილსერვისში" 4000 ადამიანი მუშაობს, ხელფასი ოთხიათასივეს ჩაერიცხა. მათ ასევე ჩაერიცხათ პრემიები "მეცამეტე ხელფასები". სულ 3 700-ზე მეტს ჩაერიცხა პრემია. ის ხალხი, ვისაც პრემიის ნაწილი ჩაერიცხა, მათ დისციპლინური გადაცდომები ჰქონდათ. კანონი ზოგადად ითვალისწინებს, რომ ასეთ შემთხვევებში დანამატი არ მიეცეთ. "თბილსერვისის" ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ მათ მაინც ჩარიცხოდათ პრემიები, თუმცა პროცენტულად ნაკლები. რაც შეეხება ზეწოლას, ადმინისტაციის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. დავით ბურჭულაძე არის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელი. შესაძლოა ბურჭულაძემ უთხრა, რომ სამსახურში გამოსულიყვნენ თანამშრომლები, თუმცა ზეწოლა არ განხორციელებულა", - განაცხადა "თბილსერვისის" იურიდიული სამსახურის უფროსმა დავით ჩარქსელიანმა.

ამასთან, "თბილსერვისის" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, "თბილსერვისის" თანამშრომელთა გაფიცვა ქალაქის დასუფთავების სამსახურის პარალიზებას ვერ მოახდენს. დავით ჩარქსელიანი აქციას გარკვეული ჯგუფების მიერ პროვოცირებულს უწოდებს.

"თბილისის დასუფთავების სამსახურს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ქალაქში დასუფთავების სამსახურის ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ. ის ადამიანები, ვინც გაიფიცნენ, დაახლოებით 30 ადამიანია, რომელთაც ჩვენთვის არ მოუმართავს. მე ვფიქრობ, რომ წინასაახალწლო დღეებში მსგავსი გაფიცვა, მგონია, რომ არის გარკვეული ჯგუფების მხრიდან პროვოცირებული. თუმცა, რა ჯგუფებია ეს, არ ვიცი", - განაცხადა დავით ჩარქსელიანმა.