დიმიტრი ქუმსიშვილი წელს მშპ-ს 3 %-იან ზრდას ვარაუდობს

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ვარაუდით, წელს მშპ-ის 3%-იანი ზრდა იქნება. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები წარმოადგინა. "ჩვენ ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. დღეს დილით სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი ზრდა - ეს არის 5,3 %, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ნოემბრისთვის. წლიური გადაანგარიშებით ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წელს უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იან ზრდაზე გავალთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, წინა წელთან შედარებით განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება მშენებლობაში (30%-იანი), მეტალურგიული პროდუქტების წარმოებაში (ასევე 30%-იანი); სამთო-მოპოვებით მრეწველობაში (15%-იანი), სასტუმროებსა და რესტორნებში (10 %-იანი) ასევე საფინანსო შუამავლობაში ( 9%-იანი ზრდა).