2015 წლის თერთმეტი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3,0 % შეადგინა

2015 წლის თერთმეტი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3,0% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის ნოემბერის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,0 პროცენტი შეადგინა.

"2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.