გიორგი ტყემალაძე – სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომანქანების მფლობელები ფულად დახმარებას მიიღებენ

სტიქიით განადგურებული და დაზიანებული ავტომობილების მფლობელები ფულად დახმარებას მიიღებენ. როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ სტიქიით განადგურებული და დაზიანებული ავტომობილების მფლობელთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ განმარტება გააკეთა. გიორგი ტყემალაძის თქმით, საკრებულოს სხდომაზე მიღებული წესი ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებულ, სტიქიის შედეგად დაზიანებულ/განადგურებულ ავტომობილებს ეხება. მისივე ინფორმაციით, წესის მიხედვით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილები ორ კატეგორიად იყოფა.

"პირველ კატეგორიაში შედის დაზიანებული ავტომობილები, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათასი აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) და მეტია. ამ ავტომობილების მფლობელები ავტომობილების საბაზრო ღირებულების 70%-ს მიიღებენ. ასევე პირველ კატეგორიაშია ავტომობილები, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათას აშშ დოლარზე (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) ნაკლებია. ამ ავტომობილების მფლობელები წესის მიხედვით, ავტომობილის ღირებულების 100%-ს მიიღებენ", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ სტიქიით განადგურებული და დაზიანებული ავტომობილების მფლობელთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის მიხედვით მეორე კატეგორიაში, არასრულად განადგურებული ავტომობილები შედის, რომელთა მფლობელები ავტომობილის საბაზრო ღირებულების 25%-ს მიიღებენ. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე განმარტავს იმასაც, რომ წესი დაუზღვეველი ავტომობილების იმ მესაკუთრეებს ეხება, რომელთაც დახმარება ჯერ არ მიუღიათ, იმიტომ რომ უკვე არსებობს რამდენიმე მესაკუთრე, რომლებმაც დონორი ორგანიზაციებიდან აღნიშნული დახმარება მიიღო.

"აღსანიშნავია, რომ სტიქიით განადგურებული და დაზიანებული ავტომობილების მფლობელთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად კი, სტიქიით დაზარალებულ ავტომფლობელთათვის დღეს უკვე მნიშვნელოვანი წესია დამტკიცებული", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.