დავით ნარმანია - თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩადგებიან, ახალი თანამშრომლებით ჩანაცვლდებიან

დედაქალაქის მერ, დავით ნარმანიას განცხადებით, თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩადგებიან, ისინი ახალი თანამშრომლებით ჩანაცვლდებიან. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. დავით ნარმანიას ინფორმაციით, მერიამ წინასაახლწლოდ დასუფთავების თანამშრომლები დამატებით წაახალისა, ისევე როგორც გასულ წელს.

"გარდა ამისა, ჩვენ სამსახურის თანამშრომლებს ახალი წელი მივულოცეთ და ისინი შესაბამისად დავაფასეთ. თუმცა, არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის გამო, შედარებით ნაკლები ჩაერიცხათ. ეს სწორედ მოქმედი კანონმდებლობიდან და წესებიდან გამომდინარეობს, ამიტომ პრეტენზია ამ თვალსაზრისით ვერ იქნება მიღებული. სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მათი საქმე ჩანაცვლდა სხვა ადამიანებით, რომლებიც ჩვენ გვყავს რეზერვში. ვფიქრობ, ისინი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ჩადგებიან, სხვა შემთხვევაში უბრალოდ, შესაძლოა მეტი პრობლემა მივიღოთ. ქალაქში ნამდვილად არ გვინდა პრობლემა. ამიტომ თუ ისინი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩადგებიან, ქალაქს ვერ დავტოვებთ დაუსუფთავებელს და შესაბამისად, ისინი ახალი თანამშრომლებით ჩანაცვლდებიან", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის გაფიცულ თანამშრომლებს აქვთ მოლაპარაკებები თავიანთ ხელმძღვანელობასთან, შესაბამისად, ნარმანიას განცხადებით, შეჯერდებიან, რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს. თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.