მთავრობის ადმინისტრაციის მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა 21 049 ლარი შეადგინა

საქართველოს ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა 21 049.48 ლარი შეადგინა.

IDFI-ის ინფორმაციით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის როუმინგული მომსახურების ხარჯი შეადგენს 7 569.87 ლარს, ხოლო პროტოკოლის სამსახურის უფროსის გიორგი მირცხულავასი -13 479.61 ლარს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ აღნიშნულ პერიოდში როუმინგულ მომსახურებაზე გაწეულია 16 720 ლარის ოდენობის ხარჯი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის თინათინ მჟავანაძის (6 482 ლარი) და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის კარლო ცქიტიშვილის (5 353 ლარი) მიერ.

საქართველოს პარლამენტის მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 6258.91 ლარს, საიდანაც ყველაზე მეტი დახარჯული აქვს პარლამენტის წევრ თედო ჯაფარიძეს - 1 296 ლარი.