იანვარ-აგვისტოში მთავრობის ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებმა 184 134 ლარი შეადგინა

2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებმა 184 134 ლარი შეადგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს. ორგანიზაციისთვის უწყებიდან მიწოდებული დოკუმენტების თანახმად, 2015 წლის 17 აგვისტომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული 184 134 ლარის ოდენობის სამივლინებო ხარჯიდან 152 594 ლარი წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების ხარჯს, 22 474 ლარი დღიურ ხარჯს, ხოლო 8 947 ლარი მგზავრობის ხარჯს. IDFI-ის განმარტებით, მიმდინარე წლის იანვრიდან 17 აგვისტომდე, ყველაზე მეტი თანხა დახარჯულია 20-24 იანვარს, დავოსში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, სადაც საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დელეგაციასთან ერთად მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული მივლინების ფარგლებში, დელეგაციის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის გადარიცხულია 111 629 ლარი.

რაც შეეხება როუმინგის ხარჯებს, IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები შეადგენს 21049.48 ლარს, საიდანაც 7 569.87 ლარი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის როუმინგული მომსახურების ხარჯია, ხოლო 13 479.61 ლარი - პროტოკოლის სამსახურის უფროსის გიორგი მირცხულავასი. გარდა ამისა, 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს 822 771 ლარს, რომელიც 62 მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებისას შეხვედრებისა და ღონისძიებების ფარგლებშია გახარჯული. მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან IDFI-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და პარლამენტის აპარატის მიერ ახალი ავტომობილების შეძენას ან ძველის ახლით ჩანაცვლებას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება თანამშრომლებს, მთავრობის ადმინისტრაციაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობაა - 67, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 790268.76 ლარი შეადგინა - პრემიები და სახელფასო დანამატები მათზე არ გაცემულა, ხოლო გათავისუფლებულთა რაოდენობა 20 თანამშრომელს შეადგენს, რომელთაგან პირადი განცხადებით გათავისუფლდა 12, სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით - 5, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო- 3. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 540 ლარს შეადგენს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2015 წლის 17 აგვისტოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატს, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციებს. მოთხოვნა შეიცავდა 16 პუნქტს, რომელთა შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები, შესყიდული ავტომობილები და სხვა. საქართველოს პარლამენტის აპარატიდან პასუხი ინსტიტუტს ეცნობა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 სექტემბერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციიდან 4 თვის დაგვიანებით - 10 დეკემბერს.