ბორჯომში ხვალ ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის" გადაწყვეტილებით, ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქსა და სოფლებში უფასოდ იმოძრავებს. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ავტობუსები მგზავრებს საახალწლო კონცერტის დასრულებამდე მოემსახურება. "2016 წლის დასაწყისში კიდევ ერთი სიახლე გველოდება. 4 იანვრიდან დაბა ბაკურიანის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება. ავტობუსი დღეში 2-ჯერ შეასრულებს რეისს და მგზავრობის ფასი 1.50 ლარი იქნება", - განმარტა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა. აღსანიშნავია, რომ სამსახურმა საკუთარ თანამშრომლებს ახალი წლის დღესასწაული საჩუქრებით მიულოცა.

"აღსანიშნავია, რომ "ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი", ა(ა)პი სამსახურად ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა. ამ მოკლე ხნის განმავლობაში მან მკვეთრად გააუმჯობესა და სიახლეები შეიტანა მგზავრთა მომსახურებაში", - ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში. საჩუქრების გადაცემაში მონაწილეობა მიიღო გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ.

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, აღნიშნული სამსახურის ინიციატივით, 2015 წლის საუკეთესო მძღოლებიც გამოვლინდნენ. ვლადიმერ ჩაჩანიძესა და ჯემალ გოჩაშვილს სიგელები გადაეცათ. მათ პირად ანგარიშებზე ფულადი თანხაც ჩაერიცხათ.