ახალი წლის ღამე ყველაზე ძვირი - 980 დოლარი „ლოპოტაზე“ დაგიჯდებათ

ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.

წინა საახალწლო პერიოდში "ბიზნესპრესნიუსი“ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროების გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა. ჩვენს მიერ გამოკითხულ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, უკვე შერჩეული აქვთ სადღესასწაულო პროგრამები და არც კლიენტთა ნაკლებობას უჩივიან. სასტუმროებში სადღესასწაულო პერიოდში უკვე მინიმალური ადგილების რაოდენობაა დარჩენილი.

"ლოპოტას“ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ნინო შავგულიძის თქმით, სასტუმროში მდებარე 109 ნომრიდან, მხოლოდ ორი თავისუფალი ნომერია დაჩენილი. ქართველი სტუმრების გარდა, ,,ლოპოტაში“ დამსვენებლებს როგორც ევროპის სხვადასხვა, ისე მეზობელი ქვეყნებიდანაც ელოდებიან. საახალწლო პროგრამა კი 31 დეკემბერიდან სამ იანვრამდე გრძელდება. დაგეგმილ აქტივობებში გათვალისწინებულია გალა ვახშამი ტრადიციული საახალწლო სუფრით. ახალი წლის ღამეს მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს ჯგუფი "ფორტე".  სტუმრების განწყობაზე ასევე იზრუნებს დიჯეი. პირველი იანვრის გალა ვახშამზე კი თემურ რცხილაძეა მიწვეული. რაც შეეხება 2 იანვარს, სასტუმროში ქართული დღის მოწყობას გეგმავენ. ნინო შავგულიძის თქმით, სპეციალურად გამოყოფილ ნახევრად ღია კუთხეში, სტუმრები თავად მიიღებენ მონაწილეობას კერძების მომზადებაში, ჩატარდება მასტერკლასები და ეს ყველაფერი ტრადიციული, ხალხური ცოცხალი მუსიკის ფონზე გაიმართება. საახალწლო პროგრამის სრული პაკეტის ღირებულება "ლოპოტაზე“ 2 ადამიანისთვის 980 დოლარს შეადგენს.

"შატო მერე“ საახალწლოდ სტუმრებს ორდღიანი მომსახურების პაკეტს ორ პერსონაზე 870 ლარად სთავაზობს. სადღესასწაულო ღონისძიებებში გათვალისწინებულია ტრადიციული კახური საახალწლო სუფრა და საჩუქრად შეუზღუდავი რაოდენობით ,,ვინივერიის“ ღვინო. სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებს დიჯეი და ასევე ჯაზის შემსრულებელი ხათუნა ჯანჯალია. ,,შატო მერე“ სტუმრებს დამატებით 11 ახალი ნომრით ხვდება.

,,როიალ ბატონის“ რეზერვაციის მენეჯერის ნინო ბუჯიაშვილი თქმით, სასტუმროში ორდღიანი სადღესასწაულო პროგრამა 2 პერსონაზე 500, სამდღიანი კი 700 დოლარი ღირს. სასტუმროში ახალ წელს გაფორმებულ ვერანდაზე, ფოიერვერკის და ცქრიალა ღვინის თანხლებით ხვდებიან. სხვადასხვა დღეს სადღესასწაულო სუფრას კვარტეტი ,,მეგობრები“ ხალხური ფოლკლორით, ნინია მეტრეველი ცოცხალი მუსიკით და როკ-ენ-როლის შემსრულებელი ბენდი გააფორმებენ. ასევე დაგეგმილია გათამაშებები და სხვადასხვა გასართობი პროგრამა ბავშვებისათვის.

კახეთში მდებარე სასტუმრო "ყვარლის ტბის" კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელის, ლინდა კიკოლაშვილის თქმით, სასტუმროში ორდღიანი სადღესასწაულო პაკეტის ღირებულება ორ ადამიანზე 1200 ლარს შეადგენს. "მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა შესაძლოა, ზოგს მაღალი მოეჩვენოს, მომხმარებელთა სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით. ყველანაირად ვეცადეთ კონკურენტებთან შედარებით მისაღები ფასები დაგვედგინა. ორდღიან პაკეტში შედის: ნომრის ღირებულება, საახალწლო გალავახშამი, ბავშვებისათვის ანიმატორი, სანტა და ასევე ყველა სტუმრისთვის საჩუქარი", - აღნიშნავს კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი. ლინდა კიკოლაშვილის თქმით, საახალწლო დღეებში ფასები ორჯერ უფრო მაღალია. ერთ ადამიანზე 315-დან 600 ლარამდე იზრდება.

კაჭრეთის "ამბასადორში" სტუმრების განწყობაზე ელენე კალანდაძე იზრუნებს. 12 საათის შემდეგ სტუმრებისთვის დიჯეი დაუკრავს, ახალი წლის და ბედობის ღამის გატარების ღირებულება კი 2 ადამიანზე 550 დოლარს შეადგენს.

ქრისტინე გამთენაძე