ბიძინა ივანიშვილი - გიორგი კვირიკაშვილი საკადრო ცვლილებებს ვერ აცდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი საკადრო ცვლილებებს ვერ აცდება.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა, თუ როდის მოხდება ცვლილებები და რა რაოდენობით, ეს თავად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. "გიორგი კვირიკაშვილმა კარგი განმარტება გააკეთა თვითონ, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ის იყო ამ გუნდის წევრი, მას გაუჩნდა სურვილი, რომ ახალი თანამდებობიდან შეაფასოს გუნდი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს გადახალისება. თვითონ ის, რომ ცვლილებები არ მომხდარა პროცესში, არ მომხდარა სასწრაფოდ და მყისიერად, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი და გუნდი ძირითადად სწორად იყო დაკომპლექტებული. თუმცა, გუნდი საჭიროებს კორექტირებას, ყოველთვის უნდა გავყვეთ განვითარებას. დიალექტიკა ამას მოითხოვს. ცვლილებები ეს პროცესია, ამ პროცესს ვერ აცდება კვირიკაშვილი და მასაც მოუწევს გუნდის განახლება. რა რაოდენობით და როდის, ეს მისი გადასაწყვეტია", - აღნიშნა ივანიშვილმა.