1-ელი იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი ამოქმედდება

აღნიშნული კანონით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მთელი რიგი სოციალური შეღავათები წესდება.

2016 წლის პირველი იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი საგადასახადო შეღავათების ნაწილში სრულად ამოქმედდება, რაც იმას გულისხმობს, რომ არალიცენზირებადი საქმიანობის გარდა, ყველა ტიპის წარმოება გადასახადებისგან (გარდა დღგ-სა) გათავისუფლებული იქნება.

ასევე ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით პირველი იანვრიდან ძალაში შედის პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გადაწყვეტილება. ანუ, პირველი იანვრიდან ყველა ოჯახი მთაში, რომელსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინება, ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს.

მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების ნაწილი ძალაში 2016 წლის სექტემბრიდან შედის. კერძოდ, სექტემბრიდან სოფლის ექთნები 180 ლარიან დანამატს მიიღებენ, ხოლო სოფლის ექიმებისთვის გათვალისწინებულია 360 ლარიანი დანამატი. სექტემბრიდან ძალაში შედის სოციალური შეღავათები განათლების სფეროში და მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგები მიიღებენ საბაზისო დაფინანსებაზე 35%-დან 40%-მდე დანამატს. გარდა ამისა, მაღალმთიანი რეგიონების სკოლები ახალი სასწავლო წლიდან გაორმაგებულ ვაუჩერებს მიიღებენ. სოციალური შეღავათები გათვალისწინებულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისათვის, რომლებიც 2016 წლის სექტემბრიდან 216 ლარამდე გაზრდილ პენსიას მიიღებენ. სოციალური შეღავათები ასევე გათვალისწინებულია ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით და გათბობით უზრუნველყოფისათვის. მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა უკვე დაამტკიცა და ეს სტატუსი 1582 დასახლებას მიენიჭა.