"როდის მერე გახდა გაზსადენი და გაზი აპოლიტიკური სფერო?"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოსთვის სხვა ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის მოწოდების ტარიფების შესახებ პოსტს აქვეყნებს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ გიორგი ქადაგიძის პოსტს.

"საქართველოს ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება არის 2,1 მილიარდი კუბური მეტრი, საიდანაც 570 მილიონი არის მოსახლეობის მოხმარება, 650 თბოსადგურები და 870 კომერციული მოხმარება (აქედან 290 არის კომპანია "აზოტი", რომელსაც აქვს სრული თავისუფლება აირჩიოს მომწოდებელი). ახლა ვინ გვაწვდის და რამდენად. ნაწილს ვიღებთ სომხეთში ტრანზიტიდან (200 მილიონამდე) და შაჰდენიზიდან (800), დანარჩენს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია "სოკარისგან".

"სოკარი" 700 მილიონ კუბურ მეტრს (ე.წ. სოციალურ გაზს) გვაწვდის 143 დოლარად, რაც არის ჩვენი სტრატეგიული, პოლიტიკური და ა.შ. მოკავშირის ფასი. ხოლო კერძო კომპანიებს (ე.წ. კომერციული გაზი) აწვდის 295 დოლარად.

"გაზპრომთან"მიმდინარე მოლაპარაკებები „ეხება“ კომერციული გაზის ჯამურად (600 მილიონი კუბური მეტრი ჯამში) მიწოდებას და „დივერსიფიკაციას“. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ უნდა გავცეთ სამ კითხვას პასუხი:

1. რატომ აინტერესებს "გაზპრომს" ქართული კომერციული გაზის ბაზარი (სულ 600 მ.კბ.მ) რომელიც არის მისი მოპოვების 0,1%. მაგალითისთვის, გაცილებით მეტი ტექნიკური დანაკარგი აქვს თვითონ, ვიდრე ეს მოცულობა.

2. რატომ უნდა მოგვცეს აზერბაიჯანმა ე.წ. სოციალური გაზი 143 დოლარად თუ ვამბობთ, რომ ბაზარზე კონკურენციაა და პოლიტიკა არაფერ შუაშია.

3. როდის მერე გახდა გაზსადენი და გაზი აპოლიტიკური სფერო და რომელ ქვეყანას უხეირია ოდესმე "გაზპრომთან" სტრატეგიული ურთიერთობით (ჩვენი გამოცდილება არ გვახსოვს, რა თქმა უნდა)?

დომინოში არის ოქროს ფრაზა „წერა იგებს“, ჰოდა დაწეროს ვინმემ იქნებ იგებს?", - წერს გიორგი ქადაგიძე.